დღეს პროტესტის გამოხატვის მინიმალური საშუალებაც - ტროტუარზე დგომაც აიკრძალა.
არ ვიცი, ამ საკითხზე რომ ვფიქრობ ვბრაზდები თუ უმწეობის და დაბნეულობის შეგრძნება მიტევს.
დღეს უწყვეტი პროტესტის 378-ე დღეა.
ვერ გაგვტეხეს
ვერ გაგვაჩერეს
და ტროტუარზე დგომა აკრძალეს !
დილიდან ამაზე მეფიქრება.
ჩემს თავში და გულში გადაწყვეტილი მაქვს - თუ პროტესტის გამოხატვის გამო ციხეში უნდა გამიშვან ამაყად წავალ. ზედმეტი დრამების და ემოციების გარეშე.
მაგრამ რატომ მივედით აქამდე? რატომ?
დილით მეტროს ლოდინში ჩემს წინ ნეონით განათებული რეკლამა იყო.... რეკლამა მთავრდებოდა სიტყვებით "მოიძებნება" (იდეაში "საჩუქარი ყველასთვის მოიძებნება" ) ...
ამ რეკლამის ყურებისას მხოლოდ ეს სიტყვა ანათებდა ჩემს გონებაში "მოიძებნება" და თითმის დარწმუნებული ვიყავი რომ წინ ეწერა "გზა".
"გზა მოიძებნება".
არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა.
არ მინდა შიშში ცხოვრება - შესაბამისად გადავწყვიტე არ მეშინოდეს არც ციხის და არც სხვა გასაჭირის.
მაგრამ რომ ვბრაზდები დადუმებულ ხალხზე მაგ გრძნობას რა ვუყო? :((( რომ ვბრაზდები დადუმებულ "მეგობრებზე".
რატომ ვიყავით მეგობრები თუკი თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩემი ცხოვრების წესად იქცა და შენ შორიდან ჩუმად მიყურებ? როგორ ვიყავით მეგობრები? რა მოგვწონდა ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა? " ... ხომ ერთად ვუყურეთ? ხომ ავღფრთოვანდით რენდალ მაკმერფით? როგორ იბრძოდა სიმართლისთვის ... თავისუფლებისთვის ... ავღფრთოვანდით... მახსოვს ტიროდი კიდეც.
ამ ჩანაწერს ზედმეტი რედაქტირებების გარეშე გავაფაბლიშებ... ცოცხლად წამოსული ემოცია და სიტყვებია და არ მინდა დაიკარგოს. აქაურობაც დღიურივითაა და ის თან არ მაქვს. თან მაქვს პატარა ბლოკნოტი, რომელშიც ადვოკატის ნომერი მიწერია... რომ დამჭირდეს.
თან მგონია რომ აქ არავინ კითხულობს ჩემს ნაწერებს და ჩუმად ჩემთვის ვიწერები.
ასე უფრო მარტივიცაა წერა. როცა გგონია რომ არავინ კითხულობს.
მე დიქტატურას არ შევეგუები !
გზა მოიძებნება.
No comments:
Post a Comment