28 April 2026

Harry Birthday Sir Terry Pratchett

ფანტასტიკური ისტორიები აღიზიანებს მას,  ვისაც წარმოსახვა არ აქვს  - სერ ტერი პრატჩეტი 

დღეს ამ უმაგრესი ბრიტანელი,  კომიკური ფენტეზის ჟანრის, სატირიკოსი მწერლის დაბადების დღეა. 

ფენტეზი საუკეთესო საზრდოა. ადამიანური ცხოვრება მასში სრულად არის წარმოჩენილი – მორალური კოდი, სამყაროში არსებული წესრიგის შეგრძნება და შიგადაშიგ უზარმაზარი მწვანე მონსტრებიო ბრძანა სერ ტერი პრატჩეტმა

და თავის ფენტეზიში ბლომად ბრიტანული იუმორი, კუ ატუინზე მოსკუპებული სამყარო (სამყარუნა), მონსტრები, ჯადოსნური სკივრი,  რინსვინდი (დედამისი მის დაბადებამდე გაიქცა 🤷🏻‍♀️) და ორყვავილა გვაჩუქა 

 " ტოლკინი მოკვდა. 

ჯ.კ როულინგმა თქვა არაო. 

ფილიპ პულმანმა ვერ შეძლო. 

გამარჯობა, მე ვარ ტერი პრატჩეტი." 

ამ მაისურით ჩნდებოდა ხოლმე წიგნების ფესტივალებზე კომიკოსი ფანტასტი ავტორი ტერი პრატჩეტი 


and so it begins...

20 April 2026

ეარენდილი და ელუინგი

 “… კირდანის დახმარებით ეარენდილმა ვინგილოტი - ქაფის ყვავილი, ულამაზესი ხომალდი ააგო, რომელსაც სიმღერებში ასხამდნენ ხოტბას: მისი ნიჩბები ოქროსფერი იყო, ნიმბრეთილის წიფლისგან გამოკვეთილი ფიცრები - თეთრი, ხოლო იალქნები - ვერცხლისფერი, ვითარცა მთვარე. 

„ეარენდილის სიმღერაში“ წვრილადაა მოთხრობილი გამოუკვლეველ ზღვებში და ფეხდაუდგმელ კუნძულებზე მისი მოგზაურობა; 

ხოლო ელუინგი ეარენდილს თან არ წაუყვანია და იგი სირიონის შესართავებთან დამწუხრებული ელოდა ძვირფასი მეუღლის დაბრუნებას. 


15 April 2026

missing feeling for my Poland

 ხანდახან მართლა ძალიან მომენატრება ხოლმე პოლონეთი და ის სტუდენტური თვეები.. ისე მომენატრება ისე ისე მინდა მთელ ქვეყანას მადლობა და სიყვარული გავუგზავნო აქედან 

ვარშავის ფერადი უბნები, ქუჩის მუსიკოსები, ოჯახის წევრებთან და აქაურ მეგობრებთან სკაიპით საუბრები .. იქაური ყურადღებიანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხი.. ცხოვრების მართლა სხვა თვალით აღქმა ... სწავლა და გართობა.. მულტინაციონალური გარემო... 


თინგოლი და მელიანი

 ... და აჰა, (ელუეს) ერთხელ ვარსკვლავთა ქვეშ, ნან ელმოთის ტევრში ეულად მავალს, უეცრად იადონთა გალობა ესმა და, საამური ჰანგებით მონუსხული, გაქვავდა. ლომელინდთა გალობას შორის სადღაც შორიდან მომავალი მელიანის ხმა გაიგონა.

გაკვირვებითა და სურვილით აევსო გული.

გადაავიწყდა ხალხი და თავისი განზრახვანი, იადონთ მისდია უღრან ტევრში და გზა აებნა. ბოლოს ველობზე გააღწია და იქ, ღია ცის ქვეშ, ვარსკვლავთა შუქზე იდგა მელიანი.

ხეთა ჩრდილიდან შეხედა ელუემ მელიანს; ამანის ნათელს გაეცისკროვნებინა მაიას სახე.

მელიანს სიტყვა არ დაუძრავს;

ხოლო სიყვარულით აღვსილი ელუე მივიდა მასთან და ხელი მოჰკიდა. მყისვე ჯადოთი შეიკრა იგი; მრავალი წელი გაუნძრევლად იდგნენ ველობზე.

სიკვდილის დიდებულება ტოლკინთან

... ისურვა მან (ილუვატარმა), რომ კაცთა მოდგმა მუდამ ქვეყნიერების საზღვრებს მიღმა ილტვოდეს... 

კაცთ საკუთარი ცხოვრების მოწყობის ნება მიეცათ, რათა თავად შექმნან ბედი თავიანთი; არ ემონებიან ისინი აინურთა მუსიკას, რომლითაც სხვათათვის ყოველივე წინასწარ განსაზღვრეულია. 

სწორედ კაცნი დაასრულებენ ქვეყნიერების შეცნობას და შენებას და ილუვატარის ჩანაფიქრს ბოლომდე აღასრულებენ.


08 April 2026

ფინგოლფინის და მორგოთის ბრძოლა

 შეიტყვეს ჰითლუმში, რომ დორთონიონი დაეცა და ფინარფინის ვაჟები დაამარცხეს, ხოლო ფეანორის ვაჟები საკუთარი სამფლობელოებიდან განდევნეს. სასოწარკვეთილებითა და მრისხანებით აღავსო ფინგოლფინი ნოლდორთა სრულმა განადგურებამ (მაშინ ასე ეგონა) და მათ მმართველთა მარცხმა, ამხედრდა როხალორზე, თავის ვეება ცხენზე და ეულად გასწია, ვერავინ შეაკავა.

ქარივით გადაიქროლა მტვრიან დორ-ნუ-ფაიგლითზე და მისი ჭენების ყოველმა მნახველმა ასე იფიქრა, თავად ორომე გამოჩნდაო შუახმელეთში: რამეთუ ბრაზისგან გაშმაგებულ ფინგოლფინს თვალები ვალართა მსგავსად უელვარებდა. სრულიად მარტო მიადგა ანგბადის ბჭეებს, ბუკს ჩაჰბერა და კიდევ ერთხელ დასცხო ხმალი ბრინჯაოს კარიბჭეს. პირისპირ საბრძოლველად იხმო მორგოთი ... და მორგოთიც გამოვიდა.

ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა ბელერიანდის ომებში, როცა მორგოთი ანგბადიდან გამოვიდა და, როგორც ამბობენ, გამოწვევას სიხარულით არ დასთანხმებია; თუმცა უძლიერესი იყო მორგოთი ამქვეყნად, ვალართაგან მხოლოდ ის იცნობდა შიშს. სხვა გზა არ ჰქონდა მას, თავის სარდალთა წინაშე ორთაბრძოლაზე უარს ვერ იტყოდა; რამეთუ ფინგოლფინის ბუკის გუგუნი კლდეებს აზანზარებდა, ხოლო მისი ხმა მკაფიოდ და ცხადად ისმოდა ანგბადის ჯურღმულებში.

მხდალი და მონათა მბრძანებელი უწოდა მორგოთს ფინგოლფინმა.

" ... კარიბჭეს მიაღწია თუ არა, შედგა და შეჰყვირა: "გარეთ გამოდი ლაჩართა ხელმწიფევ! საკუთარი ხელებით შემებრძოლე! სამალავთა მძებნელო, მონათა მეთაურო, ცრუ და მუხთალო ! ღმერთებისა და ელფების მტერო, გიბრძანებ გამოხვიდე ! ერთი სული მაქვს ვიხილო კურდღელივით დამფრთხალი შენი სახე".

მაშინ კი ნელა ამოძვრა ღრმა საბრძანებლიდან მორგოთი და მისი ნაბიჯი გრგვინვად გაისმა მიწისქვეშეთში. შავაბჯარასხმული გამოვიდა იგი და, რკინისგვირგვინოსანი, მეფე ფინგოლფინის თავზე კოშკივით აღიმართა, ხოლო მოსევადებული ფარის ჩრდილი საავდრო ღრუბელივით გადააფარა ზედ.

ვარსკვლავივით ასხივებდა ფინგოლფინი მის ჩრდილში; რამეთუ მისი საჭურველი ვერცხლით იყო მოპირკეთებული, ხოლო ლურჯი ფარი - ბროლით გაწყობილი. ყინულივით მბზინავი ხმალი რინგილი იშიშვლა ფინგოლფინმა.