შეიტყვეს ჰითლუმში, რომ დორთონიონი დაეცა და ფინარფინის ვაჟები დაამარცხეს, ხოლო ფეანორის ვაჟები საკუთარი სამფლობელოებიდან განდევნეს. სასოწარკვეთილებითა და მრისხანებით აღავსო ფინგოლფინი ნოლდორთა სრულმა განადგურებამ (მაშინ ასე ეგონა) და მათ მმართველთა მარცხმა, ამხედრდა როხალორზე, თავის ვეება ცხენზე და ეულად გასწია, ვერავინ შეაკავა.
ქარივით გადაიქროლა მტვრიან დორ-ნუ-ფაიგლითზე და მისი ჭენების ყოველმა მნახველმა ასე იფიქრა, თავად ორომე გამოჩნდაო შუახმელეთში: რამეთუ ბრაზისგან გაშმაგებულ ფინგოლფინს თვალები ვალართა მსგავსად უელვარებდა. სრულიად მარტო მიადგა ანგბადის ბჭეებს, ბუკს ჩაჰბერა და კიდევ ერთხელ დასცხო ხმალი ბრინჯაოს კარიბჭეს. პირისპირ საბრძოლველად იხმო მორგოთი ... და მორგოთიც გამოვიდა.
ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა ბელერიანდის ომებში, როცა მორგოთი ანგბადიდან გამოვიდა და, როგორც ამბობენ, გამოწვევას სიხარულით არ დასთანხმებია; თუმცა უძლიერესი იყო მორგოთი ამქვეყნად, ვალართაგან მხოლოდ ის იცნობდა შიშს. სხვა გზა არ ჰქონდა მას, თავის სარდალთა წინაშე ორთაბრძოლაზე უარს ვერ იტყოდა; რამეთუ ფინგოლფინის ბუკის გუგუნი კლდეებს აზანზარებდა, ხოლო მისი ხმა მკაფიოდ და ცხადად ისმოდა ანგბადის ჯურღმულებში.
მხდალი და მონათა მბრძანებელი უწოდა მორგოთს ფინგოლფინმა.
" ... კარიბჭეს მიაღწია თუ არა, შედგა და შეჰყვირა: "გარეთ გამოდი ლაჩართა ხელმწიფევ! საკუთარი ხელებით შემებრძოლე! სამალავთა მძებნელო, მონათა მეთაურო, ცრუ და მუხთალო ! ღმერთებისა და ელფების მტერო, გიბრძანებ გამოხვიდე ! ერთი სული მაქვს ვიხილო კურდღელივით დამფრთხალი შენი სახე".
მაშინ კი ნელა ამოძვრა ღრმა საბრძანებლიდან მორგოთი და მისი ნაბიჯი გრგვინვად გაისმა მიწისქვეშეთში. შავაბჯარასხმული გამოვიდა იგი და, რკინისგვირგვინოსანი, მეფე ფინგოლფინის თავზე კოშკივით აღიმართა, ხოლო მოსევადებული ფარის ჩრდილი საავდრო ღრუბელივით გადააფარა ზედ.
ვარსკვლავივით ასხივებდა ფინგოლფინი მის ჩრდილში; რამეთუ მისი საჭურველი ვერცხლით იყო მოპირკეთებული, ხოლო ლურჯი ფარი - ბროლით გაწყობილი. ყინულივით მბზინავი ხმალი რინგილი იშიშვლა ფინგოლფინმა.
ქვესკნელის ურო, გრონდი მოიქნია მორგოთმა და, ვით მეხი ზეცით ნატყორცნი, დაუშვა ძირს. ფინგოლფინი განზე გახტა, ძირს დაცემულმა გრონდმა კი მიწა გაბზარა და ნაპრალიდან ალი და კვამლი ამოიჭრა.
მრავალჯერ სცადა მორგოთმა მეტოქის უროთი გასრესა, მაგრამ ყოველ ჯერზე ფინგოლფინი განზე ხტებოდა, ვითარცა შავ ღრუბელში გაკლაკნილი ელვა.
შვიდგან დაჭრა მან მორგოთი და შვიდგზის იღრიალა ტკივილისგან მორგოთმა, რაზეც ანგბადის გაწბილებული მეომრები მიწას განერთხნენ და მათი ყვირილისგან იძრა ჩრდილოეთი.
ვაი, რომ ბოლოს მეფე დაიქანცა და მორგოთმა ფარი თავში ჩასცხო. სამგზის დავარდა ფინგოლფინი მუხლებზე და სამგზის წამოდგა, დამტვრეული ფარი და მუზარადი აიღო. მაგრამ მის ფეხქვეშ მიწა დაბზარულიყო და ირგვლივ ორმოები მოჩანდა.
წაბორძიკდა ფინგოლფინი და მორგოთის ფერხთით პირაღმა დავარდა; მორგოთმა მარცხენა ფეხი კისერზე დააჭირა და ჩამოქცეულ მთასავით მძიმედ დააწვა ფინგოლფინს.
უკანასკნელი ძალა მოიკრიბა ნოლდორთა მომაკვდავმა მეფემ, რინგილი მოიქნია და მეტოქეს ფეხში ჩასცხო. ჭრილობიდან შავმა და მხრჩოლავმა სისხლმა ამოხეთქა და გრონდისგან მიწაზე დამჩნეული ორმოები გაავსო.
ასე აღესრულა ფინგოლფინი, ნოლდორთა უზენაესი მმართველი, უძველესი ელფ მეფეთაგან უამაყესი და უმამაცესი.
ორკები ანგბადის კარიბჭესთან გამართული ორთაბრძოლით არ ტრაბახობდნენ, არც ელფთ შეუთხზავთ საქებარი სიმღერები, რამეთუ უსაზღვროა მათი მწუხარება. თუმცა თორონდორმა, მეფემ არწივთა, გონდოლინსა და შორეულ ჰითლუმში წაიღო მორგოთისა და ფინგოლფინის შერკინების ამბავი და დღესაც ახსოვთ.
მორგოთმა ელფთა მეფის ცხედარი დაასახიჩრა და მგელთათვის უნდა მიეგდო საჯიჯგნად, მაგრამ კრისაეგრიმის მწვერვალებიდან თორონდორი დაეშვა, მორგოთს თავს დააცხრა და სახე ჩამოჰკაწრა; თორონდორის ფრთების ცემა მანუეს ქართა ღრიალს ჰგავდა, ვეება კლანჭებით აიტაცა მეფის ცხედარი, ორკთა ნასროლ ისრებს ცაში გაექცა და გაფრინდა. ჩრდილოეთიდან გონდოლინის დამალული ველისკენ მაცქერალი მთის მწვერვალზე დაასვენა მან ფინგოლფინი. შემდგომ ტურგონი ავიდა მწვერვალზე და მაღალი პირამიდა ააგო მამის უკვდავსაყოფად.
ვერც ერთი ორკი ვერ ბედავდა ფინგოლფინის მთაზე ასვლას ან მის სამარხთან მიახლოებას, ვიდრე გონდოლინის აღსასრული მოაწევდა და ფინგოლფინის ნათესავნი ერთმანეთს განუდგებოდნენ.
ხოლო მორგოთი იმ დღის შემდეგ ცალი ფეხით კოჭლობდა და ჭრილობები არასოდეს შეხორცებია, თორონდორის მიერ ჩამოკაწრულ სახეზე კი ნაიარევები ემჩნეოდა.
სილმარილიონი
ტოლკინი

No comments:
Post a Comment