უზნის ციხე წაღვერის თავზეა , გუჯარეთის წყლის ნაპირას. ვახუში მას უწოდებს უზნარიანის ციხეს : " კიმოთისმანის ქვევით არს ციხე, თორის -წყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი"
ხალხური თქმულებით, ეს სახელი ციხეს ეწოდა მცენარე უზნის გამო, რომელიც იზრდება ციხის გარშემო.
ზოგის თქმით, ეს ციხე ეკუთვნოდა უზნაძეებსო. ეს მოსაზრება უფრო მართებულია. ჩვენ ვიცით, რომ სამცხე- საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოში მოხსენიებულია ეს გვარი : "კალმახელი სასაფლაოთა, მონასტერითა და კარის ეკლესიითა უზნასძეთა აქუს".
ეს გვარი ეკუთვნოდა მაღალ წოდებას, რომელსაც ჰქონია თავისი მონასტერი და კარის ეკლესია. მასვე უნდა ჰქონოდა თავისივე სახელწოდების ციხე "უზნისა", ანუ "უზნიანის" ციხე.
მით უმეტეს, უზნარიანის ციხე აგებულია მაღალ კლდეზე, სადაც ძველად უნდა ყოფილიყო ვიწრო გასასვლელი (ახლა გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფართოებულია). ციხეს ასასვლელი აქვს მარტო სამხრეთით, სხვა მხრიდან იგი მიუდგომელია.
ეს ციხე დარაჯობს გუჯარეთის ხეობას და იმ გზას, რომელიც ბორჯომ-წაღვერიდან შედის ხეობაში.
ციხე საკმაოდ ვრცელია და კარგად ნაგები (ქვითკირით). სამხრეთით, საიდანაც გზა შედის ციხეში, გამაგრებულია გალავნით. ახლა დარჩენილია ამ გალავნის კედლის ნაწილი. გალავანს ჰქონია კარი, საიდანაც შედიოდნენ ციხეში. გალავანშივეა ჭირნახულის შესანახი ქვითკირის ხარო. იგი საშუალო ზომისაა, მომრგვალებული, ნაწილობრივად უკვე დაშლილია.
გალავნიდან შედიხართ ციხეში, რომელსაც საკმაოდ განიერი კარი აქვს. კარის თავზეა უზარმაზარი ლოდი, შესავლის მარჯვნივ საკმაოდ განიერი ოთახის კედლებია, აქ უნდა ყოფილიყო საყარაულო. შემდეგ შედიხართ ციხის მოედანზე, რომელიც ერთ დროს შემოზღუდული ყოფილა გალავნით. მოედანზე მოჩანს ჩაქცეულ ნაგებობათა ორმოები.
აქვეა ორი ნაკოშკარი. ერთი დასავლეთის მხარეზეა, ამჟამად უკვე დაშლილი და მეორე - აღმოსავლეთით. მისგან დარჩენილა კედლის ნახევარი. ფორმით მომრგვალებულია და საკმაოდ დიდი მოცულობისაა.
ორივე ეს კოშკი გადაცქეროდა გუჯარეთისწყლის ხეობას და იცავდა აქ შემოსასვლელ გზას, რომელიც აქედან გადიოდა ხაშურისა და ქარელისაკენ.
უზნარიანის ციხე ძველია. თავისი კონსტრუქციითა და ნაგებობის ტექნიკით იგი შეიძლება მივაკუთვნოთ ადრინდელ ფეოდალურ ხანას (IX-X სს-ს).
ვახუშტი თავის გეოგრაფიულ აღწერილობაში კიმოთისმანსა და უზნარიანის ციხეს ათავსებს სადგერის ხეობაში, რომელიც დღეს მდებარეობს შავწყალსა (ბორჯომელა) და გუჯარეთისწყალს შუა.
ვახუშტის სიტყვით : "შავწყალი გამოდის ბაკულიანისა და კოდიანის მთასა და მიერთვის მტკვარს სამხრეთიდამ. გომარეთამდე შავწყალსა და თორისწყალს უწოდებენ აწ სადგერის ხეობას"
სერგი მაკალათია
თორი


No comments:
Post a Comment