13 January 2026

დაბა - წმინდა გიორგის ეკლესია (XIV ს.)

 დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გუჯარეთის წყლის გადაღმა, გამოქვაბულ კლდეზეა მიშენებული. იგი დაფარულია წიწვიანი ტყით. 


                                      



ტაძარი დარბაზული ტიპისაა, ლამაზად ნაგები, შიგნით და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით, მოხატული არ ყოფილა. 

ეკლესია მთელია, დაზიანებულია მხოლოდ მისი ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ნახევრად ჩამონგრეულია. იგი გადახურულია ქვაფიქალით, ორ ფერდად. 

ეკლესიას მისასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. კარ-სარკმელი შემკულია ლამაზი ჩუქურთმიანი არჩიებით და როზეტებით. 



დასავლეთის კარის თავზე ამოჭრილია ლამაზად გამოყვანილი ასომთავრული წარწერა, რომელიც ასე იკითხება:

1. ინდიქტიონსა მეფეთ მეფის : გიორგის ძის დიმიტრისა მეცხრამეტესა:.

2. სიტყვისა ღვთისა :ხორცთშესხმას

3. აღვაშენე ტაძარი:. ესე:. ჟამსა:.



წარწერის შემდეგ სტრიქონები დროთა ვითარებაში წაშლილა და არ იკითხება. 

ეს წარწერა გადაღებული და წაკითხული აქვს მარი ბროსეს და დიმიტრი ბაქრაძეს. 

მ.ბროსეს დაბის ტაძრის ეს წარწერა თვითონ არ უნახავს. ამ წარწერის პირი მას მიაწოდა მეღვიეთუხუცესისშვილმა, რომლის მიხედვითაც , იმ დროს, ე.ი XIX ს-ის პირველ ნახევარში წარწერა უფრო სრულად ყოფილა შემონახული და იკითხებოდა ასე: 

1. ინდიქტიონსა მეფეთ მეფის : გიორგისა,  ძის დიმიტრისა , მეცხრამეტესა, 

2. სიტყვისა ღვთისა ხორცთშესხმის მიზეზო

3. აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ მეფის,

4. გიორგისა მე მთინთ მოლარეთუხუცესმა.

5. ქკნ: კა: (21=1333 წელი)


წარწერის მიხედვით ბროსე ამ ტაძრის აშენებას მიაკუთვნებს XIV ს-ის პირველ ნახევარს და წარწერაში მოხსენიებული მეფე გიორგი დიმიტრის-ძე მას მიაცნია გიორგი V ბრწყინვალედ, რომელიც მეფობდა 1314-1346 წწ-ში. 

დიმიტრი ბაქრაძეს ამ წარწერაში მოხსენიებული გიორგი მეფე შეცდომით მიაჩნია გიორგი III-დ (1156-1184 წწ.) , რომლის მეფობის მე-19 წელს (ინდიქტიონს) ეს ტაძარი დაბაში აუშენებიათ , ე.ი 1175 წელს. 

დღეს დაბის წარწერაში უკანასკნელი სტრიქონი და თარიღი წაშლილია, იგი წაშლილი ყოფილა დ.ბაქრაძის დროსაც (1870 წელს) და მას ეჭვუ შეაქვს ასეთი ქორონიკონის არსებობაშიც. 

რაც შეეხება ტაძრის აგებას, გიორგი დიმიტრის ძის გამეფების მე-19 ინდიქტიონს (წელს), ეს დღესაც გარკვევით იკითხება. 

ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გიორგი III მეფობის მე-19 ინდიქტიონი, ე.ი 1175 წელი არ უდფება წარწერის ქორონიკონს 1333 წელს, გიორგი V ბრწყინვალის მეფობის მე-19 ინდიქტიონი კი, ე.ი 1333 წელი ზუსტად ემთხვევა წარწერის ქორონიკონს. 

ამგვარად, წარწერის ქორონიკონისა და გიორგი V მეფობის მე-19 ინდიქტიონის მიხედვით, დაბის ტაძარი აუშენებია 1333 წელს მოლარეთუხუცესს. 

ამის გარდა, ნაგებობის ტექნიკითა და დეკორატიული მორთულობით, დაბის ტაძარი ემსგავსება ჭულესა და ზარზმის ტაძრებს, რომლებიც აგეულია იმავე XIII-XIV სს-ში.




ამასთანავე საჭიროა გავარკვიოთ ტაძრის მშენებლის ვინაობა. იგი მოხსენიებულია მოლარეთუხუცესად, ე.ი სალაროს უფროსად. ჩვენ ვიცით, რომ მოლარეთუხუცესი განაგებდა სამეფო სალაროს და იგი ექვემდებარებოდა მეჭურჭლეთუხუცესს. 

სალაროც განსხვავდოდა საჭურჭლისგან. 

სალარო იყო სასათავნო ხაზინა (ხელუხლებელი) და ემორჩილებოდა უშუალოდ მეფეს. 

მაშასადამე, არსებითად საჭურჭლე და სალარო იმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ საჭურჭლეში მხოლოდ სახარჯო "სახმარებლად სანიადაგოდ" განკუთვნილი განძეული იყო შენახული. 

სალაროში კი პირიქით, ისეთი განძეულობა, რომელიც უხმარებელი და "შეკრული იდვა". 

წარწერაში მოხსენიებულია მოლარეთუხუცესის სახელი თუ წოდება "მთინთ", რომლის გაშიფვრა ძნელია. 

ასეთი ტიპის ძეგლი და , ისიც დათარიღებული ამ მხარეში იშვიათია. 

დ.ბაქრაძე აღტაცებულია დაბის ამ ტაძრის სიმშვენიერით, განსაკუთრებით მისი წარწერის სილამაზით და ამბობს: 

"დაბის წარწერა მართლაც წარმოადგენს დამწერლობის ულამაზეს ნიმუშს, რაც მე მინახავს". 

მხოლოდ იგი შეცდომით უწოდებს "მაცხოვარს" დაბის ამ ტაძარს. 

სინამდვილში ის წმ. გიორგის სახელობისაა და აქ გიორგობას, 23 აპრილსა და 10 ნოემბერს სალოცავად მოდიოდნენ ახლო-მახლო სოფლებიდან. 




დაბის ეს ძეგლები მეტყველებენ, რომ შუა საუკუნეებში დაბა ყოფილა მჭირდოდ დასახლებული და კეთილმოწყობილი სოფელი. 

XVI ს-ში თურქების ბატონობის პერიოდში იგი გაპარტახებულა და მისი მოსახლეობაც შემცირებულა. 

გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში დაბაში აღნუსხულია მხოლოდ ორი კომლი. 


სერგი მაკალათია

თორი

No comments:

Post a Comment