... ისურვა მან (ილუვატარმა), რომ კაცთა მოდგმა მუდამ ქვეყნიერების საზღვრებს მიღმა ილტვოდეს...
კაცთ საკუთარი ცხოვრების მოწყობის ნება მიეცათ, რათა თავად შექმნან ბედი თავიანთი; არ ემონებიან ისინი აინურთა მუსიკას, რომლითაც სხვათათვის ყოველივე წინასწარ განსაზღვრეულია.
სწორედ კაცნი დაასრულებენ ქვეყნიერების შეცნობას და შენებას და ილუვატარის ჩანაფიქრს ბოლომდე აღასრულებენ.
... ილუვატარისგან მომადლებული ამ თავისუფლების გამოა, რომ კაცნი ქვეყნიერებას არ არიან მიჯაჭვულნი და ხანმოკლეა მათი სიცოცხლე, სიკვდილის შემდეგ ელფთათვის უცხო მხარეში მიემგზავრებიან.
ხოლო ელფნი დროის დასასრულამდე იცოცხლებენ, მათი სიყვარული დედამიწის და მთელი ქვეყნიერების მიმართ მკაფიო და სევდიანია, და რაც დრო გადის, მით უფრო მძაფრდება.
ელფნი ხომ ქვეყნიერების აღსასრულამდე არ მოკვდებიან (თუკი არ დახოცავს ვინმე ან დარდისგან არ დაიღუპებიან), არც სიბერისგან დაუძლურდებიან, თუ ათასსაუკუნოვანი სიცოცხლით არ დაიღლებიან. გარდაცვლილი ელფები ვალინორში, მანდოსის დარბაზებში გროვდებიან და ერთხელაც იქედან დაბრუნდებიან.
ხოლო კაცის ძენი მართლაც კვდებიან და ამ ქვეყნას ტოვებენ; ამის გამო უწოდებენ მათ სტუმრებს ან უცხოებს. გარდაუვალი სიკვდილი უძღვნა კაცთა მოდგმას ილუვატარმა და დროთა განმავლობაში ამ ძღვენისა უზენაესთაც კი შეშურდებათ.
ხოლო მელკორმა გადააფინა თავისი ჩრდილი სიკვდილს, შემოქმედის ძღვენს, და კეთილი ბოროტად აქცია, იმედი -შიშად.
თუმც ძველთაგანვე ვალინორში ვალართაგან სმენიათ ელფებს, რომ აინურთა მეორე მუსიკას კაცთა სიმღერაც შეუერთდება. ხოლო ილუვატარს არ გაუმხელია, რა მოელის ელფებს ქვეყნიერების აღსასრულს და ვერც მელკორმა შეიტყო ეს.
...
„... ელჩებმა მიუგეს: „ ... შენ და შენი ხალხი ... ხართ კაცნი მოკვდავნი, ილუვატარის მიერ შექმნილნი. ... ილუვატარის ძღვენს ვალარნი ვერ წაგართმევენ.
ამბობთ ელდარნი დაუსჯელნი არიან, აჯანყებულნიც კი არ იხოცებიანო. ეს არც ჯილდოა და არც სასჯელი, არამედ აღსრულება მათი არსებობისა. ელდარნი ვერსად გაიქცევიან, რამეთუ ქვეყნიერებას არიან მიჯაჭვულნი და, ვიდრე ქვეყნიერება არსებობს, ისინიც იარსებებენ.
ხოლო ჩვენ სხვა კაცთა აჯანყების გამო ვისჯებით და ამად ვკვდებითო, ამბობთ, მაგრამ ეს სასჯელი არ არის. თავიდანვე ასე დაწესდა, რომ თქვენ მიდიხართ და ქვეყნიერებას ტოვებთ, რამეთუ არც იმედითა და არც ტკივილით მასთან მიჯაჭვულნი არ ხართ. მაშ, რომელ ჩვენგანს უნდა შურდეს მეორის? “
ხოლო ნუმენორელებმა მიუგეს : „რად არ უნდა გვშურდეს ვალართა ან თუნდაც უკვდავთაგან უმცირესთა? ჩვენგან ბრმა ნდობასა და სათუო იმედს მოითხოვენ; არავინ ვუწყით, წინ რა გველოდება. ხოლო დედამიწა ჩვენც გვიყვარს და მისი დატოვება არა გვსურს“
მაშინ ელჩებმა თქვეს: „რა დაუწესა ილუვატარმა კაცთა მოდგმას ჭეშმარიტად დაფარულია ვალართათვის და მომავალი სრულიად არავისთვის გაუმხელია მას.
ეს კი იცოდეთ, თქვენი სახლი არც აქ არის, არც ამანის მიწაზე და არც არსად ამ ქვეყნიერებაში. ილუვატარმა დასაბამიდანვე ეს ხვედრი არგუნა კაცთა მოდგმას, რომ ისინი უნდა წავიდნენ.
ეს ძღვენი მორგოთის წყვდიადში გექცათ სადარდებლად, რამეთუ თქვენს წინაპრებს ეჩვენებოდათ, რომ უკუნი სიბნელით იყვნენ გარემოცულნი და ეშინოდათ ამ სიბნელისა; ხოლო ზოგი ამაყი და ჯიუტი იყო, არ ნებდებოდა, ვიდრე სიცოცხლე არ წაერთმეოდა.
ჩვენ, წელთა მარადმზარდი ტვირთით დამძიმებულნი, ამას ცხადად ვერ ვხვდებით, მაგრამ თუ ეს უწინდელი სადარდებელი კაცთა მოდგმას კვლავ დაუბრუნდა, მაშ, წყვდიადი კვლავ აღმდგარა და ძლიერდება თქვენს გულებში. და თუ ასეა, თუმც თქვენა ხართ დუნედაინნი, კაცთა შორის უმშვენიერესნი და უბრძენესნი, ამას გეტყვით: გაფრთხილდით!
ერუს ნებას წინ ვერავინ აღუდგება; ვალარნი მკაცრად გთხოვენ, თქვენთვის გამოცხადებულ ნდობას ნუ უარყოფთ, თორემ მალე ისევ თქვენს შემაკავებელ ჯაჭვად გადაიქცევა...
არდის სიყვარული გულში ილუვატარმა ჩაგინერგათ, ის კი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. თუმცა კაცთა მრავალი საუკუნე გაივლის, ვიდრე მისი განზრახვანი გაცხადდება; და ამ განზრახვას თქვენ, კაცნი, შეიტყობთ და არა - ვალარნი “
სილმარილიონი და აკალაბეთი
ტოლკინი

No comments:
Post a Comment