... და აჰა, (ელუეს) ერთხელ ვარსკვლავთა ქვეშ, ნან ელმოთის ტევრში ეულად მავალს, უეცრად იადონთა გალობა ესმა და, საამური ჰანგებით მონუსხული, გაქვავდა. ლომელინდთა გალობას შორის სადღაც შორიდან მომავალი მელიანის ხმა გაიგონა.
გაკვირვებითა და სურვილით აევსო გული.
გადაავიწყდა ხალხი და თავისი განზრახვანი, იადონთ მისდია უღრან ტევრში და გზა აებნა. ბოლოს ველობზე გააღწია და იქ, ღია ცის ქვეშ, ვარსკვლავთა შუქზე იდგა მელიანი.
ხეთა ჩრდილიდან შეხედა ელუემ მელიანს; ამანის ნათელს გაეცისკროვნებინა მაიას სახე.
მელიანს სიტყვა არ დაუძრავს;
ხოლო სიყვარულით აღვსილი ელუე მივიდა მასთან და ხელი მოჰკიდა. მყისვე ჯადოთი შეიკრა იგი; მრავალი წელი გაუნძრევლად იდგნენ ველობზე.
ვარსკვლავნი განუწყვეტლივ ტრიალებდნენ მათ თავზე, ხოლო ნან ელმოთის ხენი გამაღლდნენ და ჩრდილნი მათნი ერთობ დაგრძელდნენ, ვიდრე ელუე და მელიანი ხმას გაიღებდნენ.
...
ბოლოს ხანგრძლივი უგონობიდან გამოერკვა ელუე და მელიანთან ერთად გამოვიდა ნან ელმოთიდან. იმ მხარის შუაგულში მდებარე ტევრები გაიხადეს მათ სამკვიდროდ...თუმცა ძლიერ ეწადა ხეთა სინათლის ნახვა ელუეს, მელიანის სახეზე ამანის ნათელის დაუბინდავ ანარეკლს ამჩნევდა და მისთვის ესეც კმაროდა.
გაიხარა მისმა ხალხმა და გაკვირვებული შემოეხვივნენ გარს; უწინ მშვენიერი და კეთილშობილი ბატონი იყო ის მათი, ახლა კი მაიართა მეუფეს დამგვანებოდა; ვერცხლისფრად უელვარებდა თმა და ილუვატარის შვილთაგან უმაღლესი იყო ელუე სინგოლო;
დიად საქმეთ უმზადებდა მას ბედისწერა.
მელიანისა და ელუეს მეუფებამ დიდხანს გასტანა. სწორედ მელიანისგან გადაეცა ელფთა და კაცთა მოდგმას სიწმინდე აინურთა, რომელნიც ილუვატართან იყვნენ ეას შექმნამდის.
ბელერიანდის ელფთა სახელმოხვეჭილ მეფედ იქცა ელუე; ... მეფეს მათსავე ენაზე ელუე თინგოლი უწოდეს .
დედოფალი თინგოლისა იყო მელიანი, შუახმელეთს შვილი უბრძენესი.
დორიათში იყო მათი მალული დარბაზები მენეგროთისა, ათასი გამოქვაბულისა.
დიადი ძალა გადაეცა მელიანისგან თინგოლს, ელდართაგან ისედაც უდიადესს;
მელიანისა და თინგოლის სიყვარულისგან შობილნი ილუვატარის შვილთა შორის უმშვენიერესნი იყვნენ და მათი დარი ქვეყანას არავინ მოვლენია.

No comments:
Post a Comment