20 April 2026

ეარენდილი და ელუინგი

 “… კირდანის დახმარებით ეარენდილმა ვინგილოტი - ქაფის ყვავილი, ულამაზესი ხომალდი ააგო, რომელსაც სიმღერებში ასხამდნენ ხოტბას: მისი ნიჩბები ოქროსფერი იყო, ნიმბრეთილის წიფლისგან გამოკვეთილი ფიცრები - თეთრი, ხოლო იალქნები - ვერცხლისფერი, ვითარცა მთვარე. 

„ეარენდილის სიმღერაში“ წვრილადაა მოთხრობილი გამოუკვლეველ ზღვებში და ფეხდაუდგმელ კუნძულებზე მისი მოგზაურობა; 

ხოლო ელუინგი ეარენდილს თან არ წაუყვანია და იგი სირიონის შესართავებთან დამწუხრებული ელოდა ძვირფასი მეუღლის დაბრუნებას. 


.... 

... სილმარილით მკერდდამშვენებული ელუინგი ზღვაში გადამხტარიყო... თუმცა ფეანორის ქვა (სილმარილი) არ დაკარგულა, რამეთუ ულმომ ტალღებიდან ამოიყვანა ელუინგი და დიდი, თეთრი ფრინველის სახე მისცა მას. 

ფრინველის გულმკერდზე ვარსკვლავივით კაშკაშებდა სილმარილი. ვრცელ წყლებს გადაუფრინა ელუინგმა და იპოვა ეარენდილი, ძვირფასი მეუღლე. 

ღამით, ხომალდის საჭესთან მდგარმა ეარენდილმა შეამჩნია იგი, ვინგილოტისკენ ქარის ფრთებით მფრინავი, ვითარცა თეთრი ღრუბელი სწრაფად დაღმავალი და, ვითარცა გზასაცდენილი ვარსკვლავი მკრთალად მოციმციმე. 

ასე მღერიან, ციდან ჩამოვარდნილა ელუინგი, შეუსვენებლად ფრენისგან ძალაგამოცლილი, მაგრამ ეარენდილს დაუჭერია და გულში ჩაუკრავს. ხოლო მომდევნო დილას განცვიფრებულს უხილავს, რომ ფრინველი მის ცოლად გადაქცეულიყო და სახეზე თმაჩამოყრილს ღრმად ეძინა. 

... ეარენდილმა ხომალდი მიაბრუნა და კვლავ ვალინორის მოსაძებნად გასცურა, ოღონდ ამჯერად ელუინგი თან ახლდა. 

ეარენდილი ხშირად იდგა ხომალდის ცხვირზე და, რაც უფრო შორს მიიწევდნენ დასავლეთში, მით უფრო ძლიერ კაშკაშებდა მის შუბლზე მიმაგრებული სილმარილი. ბრძენნი ამბობენ სწორედ ამ წმინდა ქვამ გაუხსნა გზა მის ხომალდს იმ წყლებისკენ, სადაც ტელერთა გარდა არავის უცურავიაო. 

.... 

(ვალარებმა) ვინგილოტი აკურთხეს, ქვეყნიერების კიდესთან მიიტანეს და ღამის კარით ზეციურ ოკეანეეებში საცურაოდ გაუშვეს. 

შესახედად ლამაზი და უჩვეულო გაეხადათ ის ხომალდი; მოციმციმე, სუფთა და კაშკაშა შუქით იყო სავსე. საჭესთან ელფური პატიოსანი თვლების მტვერით აბრჭყვიალებული და სილმარილით შუბლდამშვენებული ეარენდილ ზღვაოსანი იდგა. 

შორს დაცურავდა ხომალდით ეარენდილი, უვარსკვლავებო სიცარიელეშიც ბედავდა შესვლას; ყველაზე ხშირად გამთენიისას ან შებინდებისას ჩანდა, აისზე და დაისზე აკიაფდებოდა, როცა ქვეყნიერების მიღმიერი მოგზაურობიდან ვალინორში ბრუნდებოდა. 

ზეციურ მოგზაურობაში ელუინგი ეარენდილს არ დაჰყვებოდა, რამეთუ ცივსა და უგზო-უკვლო სიცარიელეს ვერ გაუძლებდა და ამას მიწა და ზღვასა და გორაკებზე მქროლავი საამო ნიავი ერჩივნა. 

მას ბელეგაერის კიდეზე თეთრი კოშკი აუშენეს და იმ კოშკისკენ დროდადრო დედამიწის ყველა ზღვის ფრინველი მიფრინავდა. 

ამბობენ ელუინგმა ფრინველთა ენა შეისწავლა; მას ხომ ერთხელ თავადაც ჰქონდა ფრინველის იერი, და ფრინველებისგან ფრენის ხელოვნებას დაეუფლა; ელუინგის ფრთები თეთრი და მოვერცხლისფრო-რუხი იყო. 

ზოგჯერ, როცა უკან დაბრუნებული ეარენდილი არდას უახლოვდებოდა, ელუინგი მასთან შესახვედრად მიფრინავდა. 

მაშინ მარტოსულ კუნძულზე მცხოვრებ რომელიმე მახვილთვალება ელფს იგი ეჩვენებოდა დაისზე ვარდისფრად აციმციმებულ თეთრ ჩიტად, რომელიც გახარებული დალივლივებდა ჰაერში ცაში გამოჩენილ ვინგილოტთან შესაგებებლად. 

(სილმარილიონი)

... როდესაც ვინგილოტმა პირველად გაცურა ზეციურ ზღვებში, იგი თვალთახედვიდან გაუჩინარდა, ოდენ ძლიერ კაშკაშებდა; და როდესაც შუახმელეთში მცხოვრებნი მოჰკრავდნენ მას თვალს შორს, ცის კაბადონზე, სიხარულით ივსებოდნენ, სიკეთის მაუწყებლად მიაჩნდათ იგივ და უწოდეს მას გილ-ესტელი, დიდი იმედების ვარსკვლავი. და როცა ვარსკვლავი მწუხრის ჟამს გამოანათებდა, მაედროსი ასე ეტყოდა თავის ძმას, მაგლორს:

- ნუთუ ეს სილმარილია, დასავლეთით რომ გამობრწყინებულა?  

(ბერენი და ლუთიენი)

ტოლკინი

No comments:

Post a Comment