ზაფხულის მთვარიან ღამეს ნელდორეთის ტყეში ხეტიალისას ბერენი უეცრად გადააწყდა ესგალდუინის პირას მარადმწვანე ბალახით შემოსილ მდელოზე მოცეკვავე ლუთიენს, ასულს თინგოლისა და მელიანისას.
ყოველგვარი კვალი განცდილი ტკივილისა წაიშალა ბერენის მეხსიერებიდან და მოინუსხა იგი; რამეთუ ლუთიენი იყო ულამაზესი ილუვატარის ყოველ შვილთაგან.
უღრუბლო ცასავით ლურჯი კაბით მოსილი ცეკვავდა, ხოლო თვალები ჰქონდა ნაცრისფერი, ვითარცა მწუხრი, ვარსკვლავთ შუქით განათებული; მისი მანტია ოქროსფერი ყვავილებისგან იყო მოქსოვილი, ხოლო მისი თმა იყო მუქი, ვითარცა ბინდი. სიტურფე და სილამაზე მისი ჰგავდა ხის ფოთლებზე მოთამაშე მზის სხივს, მოჩუხჩუხე ნაკადულსა და ქვეყნიერების ნისლთა ზემოთ მოკიაფე ვარსკვლავებს; ხოლო სახეზე ნათელი გადაჰფენოდა.
ბერენის დანახვისთანავე გაუჩინარდა ლუთიენი; ხოლო ბერენი მოჯადოებულივით დამუნჯდა.
დიდხანს დაეხეტებოდა ნადირივით გაველურებული და ფრთხილი და ლუთიენს დაეძებდა.
ვინაიდან ნამდვილი სახელი არ იცოდა მშვენიერი ქალწულისა, გულში ტინუვიელი შეარქვა მას, რაც ბულბულს, ბინდის ასულს ნიშნავს რუხ ელფთა ენაზე.
ხანდახან შორიდან მოჰკრავდა მას თვალს, ვითარცა ფოთლებს, შემოდგომაზე ქარში მოფარფატეს და ვითარცა ვარსკვლავს ზამთარში ბორცვის თავზე მოკიაფეს, მაგრამ ამ დროს ხელ-ფეხი შეეკვრებოდა და ვერ ინძრეოდა.
და აი ერთხელ, ზამთრის მიწურულს, გამთენიისას, მწვანე გორაკზე ცეკვავდა ლუთიენი;
მერე უეცრად ამღერდა.
სევდიანი და გულის გამგვმირავი იყო სიმღერა მისი, ვითარცა გალობა ტოროლასი, რომელიც ღამის კარიბჭიდან ცაში აიჭრება და, როცა ქვეყნიერების კედლებს მიღმა ამომავალ მზეს შეამჩნევს, მილეულ ვარსკვლავთა შორის მიმოღვრის თავის ტკბილ ხმას.
ლუთიენის სიმღერამ დაამსხვრია ზამთრის ბორკილები და აახმაურა გაყინული წყლები, ხოლო სადაც ფეხი დადგა, გაყინული მიწიდან ყვავილები აღმოცენდა.
სიმუნჯის ჯადო აეხსნა ბერენს და დაუძახა მას : „ტინუვიელ!“ ტყე შემოირბინა მისი ძახილის ექომ. გაკვირვებული შედგა ლუთიენი და ბერენი მასთან მიიჭრა.
და როგორც კი თვალი შეავლო ელფმა ქალწულმა მოკვდავ კაცს, მყისვე შეუყვარდა; მისი ბედი გადაწყდა. მაგრამ მკლავებიდან დაუსხლტა ბერენს და გაქრა სწორედ იმ წამს, როცა ინათა.
ბერენი გულწასული დაეცა მიწაზე, ვითარცა განგმირული მეტისმეტი ნეტარებისა და მწუხარებისაგან; უგრძნობელობის წყვდიადში შთაინთქა იგი და დიდხანს ეძინა.
როცა გაიღვიძა ქვასავით ცივი იყო, გული გრძნობებისგან დასცლოდა. გონების სიღრმეში ხელის ცეცებით დაეხეტებოდა, ვითარცა უეცრად დაბრმავებული, გამქრალი სინათლის ხელში მოგდებას ამაოდ რომ ცდილობს.
ასე დაიწყო ტანჯვა ბერენისა და ტანჯვით ზღო მისთვის განსაზღვრული დიადი მომავლისთვის. ხოლო ლუთიენის ბედი სამუდამოდ მისას დაუკავშირდა, უკვდავი ელფი მისი მოკვდავობის თანაზიარი გახდა;
.....
„დაე, ბერენმა ილაპარაკოს ! - მოითხოვა თინგოლმა. –აქ რას აკეთებ, ბედკრულო მოკვდავო, რად დაგიტოვებია საკუთარი ქვეყანა და მოსულხარ მიწაზე, რომელიც დახშულია შენს მსგავსთათვის? რით იმართლებ თავს, რათა არ დაგსაჯო მძიმედ შენი კადნიერებისა და სიბრიყვისათვის?“
მაშინ თავი ასწია ბერენმა და დაინახა მზერა ლუთიენისა, მერე მელიანის სახეს მიაჩერდა და სიტყვები თავისთავად მოადგა ენაზე. დატოვა შიშმა და კაცთა უძველესი გვარის სიამაყემ მოიცვა.
და თქვა მან:
„ბედისწერამ მომიყვანა აქ, ოჰ, მეფეო, თვით ელფთაც კი არ გამოუვლიათ ესოდენ რთული განსაცდელი. და ვიპოვე ის, რასაც არ ვეძებდი, მაგრამ ნაპოვნს სამუდამოდ შევინარჩუნებ. ოქროსა და ვერცხლზე, ყოველ სამკაულზე ძვირფასია იგი ჩემთვის. ვერც ქვა, ვერც რკინა , ვერც ცეცხლი მორგოთისა, ვერც ელფ მეუფეთა ძლევამოსილება ვერ განმაშორებს სასურველ განძს. რამეთუ ლუთიენი, ასული შენი, უმშვენიერესია ქვეყნიერების შვილთაგან“.
ბერენი და ლუთიენი
სილმარილიონი.
ჯონ რონალდ როუელ ტოლკინი
2 სექტემბერი 1973 - ტოლკინის გარდაცვალების დღეა.
დაკრძალულია მეუღლის, ედიტის გვერდით... და მათ საფლავებს ტოლკინის გმირების ...ბერენის და ლუთიენის სახელები ამშვენებს.
კრისტოფერ ტოლკინის , ჯონ რონალდ როუელ ტოლკინის შვილის წინასიტყვაობა "ბერენი და ლუთიენისთვის" :
"დედაჩემის გარდაცვალების წლისთავზე მამამ წერილი მომწერა (ერთი წლის შემდეგ თავადაც დაიღუპა), იგი დანაკლისით გამოწვეული დაუძლეველი კაეშნით საკუთარი სურვილის შესახებ მწერდა ,- საფლავის ქვაზე, დედაჩემის სახელის ქვეშ, ლუთიენი ამოეტვიფრათ. იმავე წერილში, როგორც ეს ამ წიგნის გვერდზეა მოცემული, ბერენისა და ლუთიენის ამბის შთაგონებაზე საუბრობს, რომელიც იორკშირში, როოსთან ახლოს, მათუთით დაფარულ ტყის პატარა მდელოზე ეწვია, იქ, სადაც დედა ცეკვავდა ... შემდეგ ის წერს : "თუმცა ამბავი შეიცვალა, მე მარტო დავრჩი და თავს ვერაფრით ვიმართლებ შეუწყნარებელი მანდოსის წინაშე"






No comments:
Post a Comment