2025 წლის 6 მარტია და დავასრულე იოსებ მჭედლიშვილის დღიური, რომელიც დროის მანქანასავით აღმოჩნდა წინა საუკუნის 20-30 იან წლებში.
იმდენად მკაფიო რეალობა იყო, ასე მეგონა ხელის გაწვდენაზე იყო ეს საუკუნის წინანდელი ამბები. საქართველოს გასაბჭოების პერიოდი, საბჭოთა წლები - შიმშილი, შიში, ტერორი, სიცივე, უნდობლობა...
და თან... ცუდია მაგრამ მეცნობა ბევრი სიტუაცია. დღევანდელობასთან პარალელის გავლების დონეზე მეცნობა. საშინელი შეგრძნებაა. მინდა წლების შემდეგ, თუკი კიდევ წავიკითხავ ამ დღიურს აღარ მქონდეს ეს ძალიან ახლობლური განცდა. მინდა ვფიქრობდე - რა კარგია რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
დღიური დაყოფილია რამდენიმე ნაწილად
- დღიური: 1 თებერვალი- 16 ივნისი 1924 წელი
- დღიური: 11 თებერვალი 1926 წელი - 7 ნოემბერი 1927 წელი
- დღიური : 30 აპრილი 1930 წელი - 14 დეკემბერი 1939 წელი
- დღიური : 24 დეკემბერი 1939 წელი - 13 ივნისი 1940 წელი... + რამდენიმე დღის ჩანაწერი22.05.41-23.06.41
ზედმეტი შესავლის გარეშე - ეს კაცია იოსებ მჭედლიშვილი... და ამ ბლოგში გარკვეული ნაწყვეტებია მისი დღიურიდან.
გაცილებით უფრო მძიმე და რეალისტური სრულად დღიურია.
1 თებერვალი 1924 წელი - დიდი ხანია... მგონი, რომ ნახევარ წელზე მეტი, რაც დღიურის წერას თავი გავანებე. კაცმა რომ წეროს, უნდა წეროს ყველაფერი უშიშრად. ყოველი ასო, სიტყვა, ფრაზა და შინაარსი არ უნდა იყოს შეკუმშული, ან გადაცმული ისეთ ტანისამოსში, რომელიც თავდაცვის სამსახურს უწევს ავტორს. ოდესმე მკითხველი იტყვის ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, იკითხავს : ვისგან იცავდა ავტორი თავს თავის დღიურშიო, მაგრამ იმედი მაქვს, უჭკო მკითხველს არ ჩაუვარდება ჩემი დღიური და გაიგებს, თუ ვისგან ვიცავდი თავს.
იქნებ გამოდგეს ისეთი მკითხველიც, რომელმაც სთქვას: მშიშარა ყოფილაო, მაგრამ, დეე, სანამ ამას იტყოდეს, ცოტათი შეჩერდეს და ჩაუკვირდეს, ჩემი ტყავისთვის ვშიშობ თუ სხვა რამისთვის?.. მართლა რომ, ძალიან ღრმად არის ჩემი სინამდვილე შეხვეული ნაცარში. ვსთხოვ მკითხველს, ღრმად გაქექოს ნაცარი და ნაკვერცხალს აღმოაჩენს.
როცა ვწერ ამ რვეულს, არა მაქვს იმედი, რომ იგი ოდესმე მიაღწევს ისეთ მკითხველამდე, რომელსაც შეეძლება მისი შეფასება; ამ რვეულსაც ის ბედი ელის, როგორიც პირველს (ნეტავ ვიცოდე ვისა აქვს, სად იმყოფება პირველი რვეული!). როცა დავიწყე ამ რვეულის წერა, პირველი უკვე დავიწყებული მქონდა. არც მქონდა ხალისი დღიურის წერისა, რადგანაც პირველი რვეული - ეს სამი-ოთხი წლის შრომა- დაიკარგა; ამასთანავე სახიფათო ამბების წერა არც ისე ადვილი საქმეა. ამბობენ, მურვან-ყრუ რომ შემოვიდა საქართველოში, არავის შეეძლო ეთქვა სიტყვა ქართულად სამი კვირის განმავლობაშიო. ჩვენ კი, სამი წელიწადი სრულდება, რაც გვეშინიან ქართველობისა...
11 თებერვალი 1926 წელი - კვლავ განვაახლე დღიური, მაგრამ რა იქნებოდა ის დღიური, რომელიც სამ წელიწადსა ვწერე? ... რა ქვეყანაა იგი ქვეყანა, რა მხარეა ის მხარე, სადაც მოწინავე ადამიანს (თუნდ არა მოწინავეს) ვერ შეუნახავს თავისი დღიური შინ და, მიუხედავად იმისა, რომ შინ ვერ შეუნახავს, შიგაც ვერ ჩაუწერია ყველაფერი. დღიურის რვეულში, რომელიც უნდა სადმე მიწაში ჩაიფლას, ვერ ჩაუწერია ყველაფერი. ვინ იცის, არც კი დამიჯერონ მომავალმა თაობებმა...
25 თებერვალი 1926 წელი - გათენდა შავი დღე. დღეს გაწვეულნი ვართ ყველა მუშა-მოსამსახურენი სადემონსტრაციოთ. თუ არ გავალთ სამსახურიდან დაგვითხოვენ. ნეტაი ჩვენს თავისუფლებას !
15 მარტი - რას წარმოადგენს საბჭოთა სასამართლო. თუ კომუნისტს (როგორც კეთილშობილს) აწყენინა ვინმემ, კომუნისტს გამოცხადებაც არ სჭირია, ისედაც გაამართლებენ. თუ კომუნისტს კომუნისტმა უჩივლა, ვისაც მეტი პროტექცია ექნება ის გამარჯვებულია. თუ უპარტიომ კომუნისტს, უპარტიო დამარცხებულია, თუ უპარტიომ უპარტიოს, საქმე რამდენიმე ათეული წლები გასტანს და არავის სასარგებლოდ არ გათავდება. მოსამართლე იღებს 25 თუმანს (რადგანაც მოსამართლე უეჭველად კომუნისტი უნდა იყოს). საქმის მწარმოებელი თუ კომუნისტია იღებს 15 თუმანს, თუ არა - 25 მანეთს. დანარჩენები - ქალები და სხვა ქვეითთა მოსამსახურეები იღებენ 15 მანეთს, 16-ს და ქვევით. ხალხს კი, უბედურ ხალხს ჰგონია, რომ ეს მართლა სასამართლოა და როგორც პაპიროსს, ან ღვინოს, ან ლოტოს თამაშს მიეჩვია და ფულს ჰხარჯავს, დროს ჰკარგავს და ნერვებს იფუჭებს. მეც, თვით მეც კი შევიტანე საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამოვა. ვინ არის საბჭოთა რესპუბლიკაში დამნაშავე? არავინ, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებისა.
15 ოქტომბერი - ... მოსკოვის ბაღში დაჰყარეს მიწა ბავშვებისთვის სათამაშოდ. ბავშვები მიწაში ფუტკნაობდნენ წიწილებივით და მიწისაგან აკეთებდნენ სხვადასხვა სახეებს წყნარად, აუშფოთებლად. ტფილისის ბაღშიც დაჰყარეს მიწა ბავშვების სათამაშოდ, მაგრამ ბავშვებმა იგი გაანიავეს, ერთი მტკაველიც აღარ დასტოვეს იქ. ჩვენი ბავშვები არ ჰგვანან რუსეთის ბავშვებს, ჩვენ არა ვგევართ მოსკუტარებს, ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს თქვენთან - მოგვწყდით თავიდან. ჩვენ არ გვინდა არც თქვენი მოტანილი და არც თქვენი წაღებული - ჩვენ თავისუფლება გვინდა, ჩვენ სუფთა ჰაერი გვინდა, ჩვენ სუნთქვა გვინდა, ჩვენ გვინდა ვიყოთ ადამიანები და ვიცხოვროთ ადამიანურად.
თქვენგან დაყრილი მიწა სათამაშოდ თუ გაანიავეს ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენ გავანიავებთ თქვენს მოტანილ სიდამპლეს, რომლითაც ჩვენი გართობა გინდოდათ. თქვენ მოგვეცით ხელში ბურთი, გააშიშვლეთ რუსეთის საკახპო და გვითხარით, აი, ბურთი და მშვენიერი ქალები გაიჯიბრეთ, თავი მოაწონეთ ქალებს, ითამაშეთ და იქეიფეთ გარყვნილებაში, თქვენი საქმე არ არის არც პოლიტიკა, არც კრიტიკა, არც საგოგადოებრივი ცხოვრებაო ! მაგრამ არა! ჩვენ ცოცხლები ვართ და ჩვენი დუმილის ჰაერი დიდი მეხის ძალას იქუჩებს გულში!
15 დეკემბერი - ვიყავ 'რუსთაველის' თეატრში და ვნახე ნ.შიუკაშვილის კომედია "ამერიკელი ძია".შიუკაშვილი ძალიან კარგი ოსტატია პოესების წერაში. მშვენიერი კომედიაა, მაგრამ რა ფასი აქვს ეხლა ისეთ პიესას, სადაც პატრიოტიზმის სახელი არა ბჟუტავს....
დავრწმუნდი, რომ ბოლშევიკურ ავატიურისტებს რუსეთის კარნახით სრულიად მოსპობა უნდათ ქართველი ერის ეროვნული სახისა - პატრიოტული შეგნებისა. მაგრამ რაც უფრო ძაან ცდილობენ ამას, მით უფრო ძლიერია ხალხში (რასაკვირველია მოწინავე, შეგნებულ ხალხში) ეს გრძნობა.
1 იანვარი 2027 წელი - დღეს ახალი წელია. რას მოგვიტანს ახალი წელი? უფრო მეტად და მეტის სიჩქარით გაიხრწნება ქართველი ხალხი, თუ დაადგება განახლების გზას, თუ მოიგონებს ძველ გზას - ძველ გზას მეთქი ! თითქო მისი ძველი გზა კარგი გზა ყოფილიყოს! მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ხან მაჰმადიანობას სწირავდა თავს, ხან ქრისტიანობას და ეხლა კიდეც კომუნიზმის უნამუსო სამსხვერპლოზე ააქვთ მელი ერი, მთელი არსება ჩვენი ამ ქვეყნად არსებობისა. ერთად-ერთი თამარის ხანა იყო, როდესაც ჩვენ ვიდექით სახელმწიფოებრივ სიმაღლეზე. ქართველი ერი მოიგონებს ამ დროს?! ჰმ! რუსეთის ათაშანგიან კუჭიდან გამოსული ბაცილები მეფობენ სიცოცხლესა ზედა ადამიანთასა, და მით უმეტეს ქართველებზე. რუსეთის მეფეები დღეს ფაქტიურად სტალინი, ჯუღაშვილი და ვირების უნიჭო ფერშალი ს.ორჯონიკიძე არიან - ესენი თავისი ჩამომავლობით თითქმის ქართვლები არიან და ამ ქართველებმა უნდა დაუმტკიცონ დიდ რუსეთს ერთგულება, საჭიროა თუ არა მშობლის დახრჩობა ! უამისოდ რუსეთი არ დაიჯერებს მათ რუსულ პატრიოტობას და სწორედ ამისთვის, რაც ძალი და ღონე აქვთ, ახრჩობენ ამ ყოვლად უბედურს და უბადრუკ საქართველოს. ქართველი ერი თითქო ერთად ერთი ერია, რომელიც ქვეყნად მხოლოდ ამნაირის ზნისა და ჯიშის ადამიანებს ჯშობს... რას მოგვიტანს ახალი წელი? გარედან შესაძლებელია რაიმე ბედნიერების მოსვლა? ვისმე მოვწონვართ კაი ბიჭობისთვის და დაგვეხმარება?! ეს მხოლოდ ფანტაზიორ და პოეტებით სავსე საქართველოს შეუძლიან იფიქროს. შესაძლებელია, ვისმე თავისი ინტერესისთვის, თავის სასარგებლოდ ვჭირდებით ჩვენ. მაშინ გამოგვგლეჯს რუსეთის კლანჭებიდან და თვითონ ჩაგვიჭერს კლანჭებს. რომელი კლანჭები ემჯობინება?... რას მოგვიტანს ახალი წელი?... შეიძლება, ვისთმისვე საჭირო იყოს ჩვენი თავუფლება და ძლიერება-არსებობა - მაშინ ბედი ჩვენია, მაგრამ მაინც არავინ იცის, რას მოგვიტანს 1927 წელი.
15 აპრილი 1927 - როგორც ახალგაზრდა შეყვარებული, გაიგებს რა სიყვარულის გემოს, აღარ შეჩერდება აღარავითარი დაბრკოლების წინაშე, ისე საქართველომ, იგრძნო რა თავისუფლების გემო 1918 წლის მაისში, თავგანწირვით გაჰყვა ამ ნეტარ გრძნობას ადამიანის წმიდათა-წმიდისას და არაფრად მიიჩნია თვით ის საშინელი დღებიც, როდესაც მთელ ერს რუსეთის შავი ზრახვა დაქირავებული ქართველებისავე ხელით ჰმარხავდა ცოცხლად. ეს თავგანწირვა კიდევ არ დასრულებულა.
ვინ იცის, კვლავ რამდენი მსხვერპლი და საშინელება არის მოსალოდნელი! ვინ იცის, სამუდამოთაც გადაჰყვება თან ამ ბრძოლას თავისუფლებისას ქართველი ხალხი! რამდენადაც დიდია ლტოლვა თავისუფლებისაკენ, იმდენად დიდია მსხვერპლი, რამდენადაც თავგანწირულია, ბრძოლა თავისუფლებისათვის, იმდენად მძვინვარეა რუსეთის ხელი, და რამდენადაც სასტიკი და ულმობელია რუსეთი ჩვენი თავისუფლებისათვის, იმდენად განუზომელი და დიადია მისწრაფება ჩვენი!
20 აპრილი - ... დღეს ერთ პედაგოგის საუბარში გამოირკვა შემდეგი: მალე ქართული ენის სახელმძღვანელოებში აღარც ერთი ქართველი მწერალი (თუნდ პროლეტარული) აღარ იქნება შეტანილი. სახელმძღვანელო იქნება შედგენილი პროპაგანდის კვალობაზე რუსის მწერლების მასალებით. ამჟამად ილიას მაგიერ იქნება წიგნში ოვანეს თუმანიანი (ი.გრიშაშვილის თარგმანით), შემდეგ ალბად აკაკის მაგივრად პუშკინი, ნევეროვი, გლადკოვი (რუსის თანამედროვე მწერლები). ქართველი ბავშვი ამნაირის წიგნებით სრულიად მოსწყდება თავის მშობლიურ ორბიტს და ჩაეშვება, ანუ ჩაიღრჩობა "ინტერნაციონალის" ჭაობში. რა საკვირველია, ეს უფრო კარგი გზაა ერის გადაგვარებისთვის, ვიდრე ნიკოლოზ მეფის მიერ აღებული. მაშინ რუსულად მაინც ასწავლიდნენ მოწაფეებს რუსის მწერლებს, აშკარადა სჩანდა რუსის პოლიტიკა; ეხლა უფრო კარგად აებნევა გზაკვალი ნორჩ გონებას, რომლის სულიდანაც ამოგლეჯილია გულ-ღვიძლი, თავის მშობელი ლიტერატურის კერა - ქართველი მწერლობა.
... მაგრამ ხალხი? მასაც ხომ აქვს თავისი ბუნება, თავისი "მე". ის ბრმად და მუნჯად გაჰყვება ამ გზას? ის დაივიწყებს თავის მწერლებს, თავის მოამაგეთ, თავის წინაპრებს და დაკარგულ თავისუფლებას?! ის დაივიწყებს საუკუნეთა დასაბამიდან დღევანდლამდე გმირულად თავგანწირულ შვილებს? ერი დაჰკარგავს თავის სახეს და თავის თავისუფლებას უსიტყვოდ მისცემს ყოვლად ბინძურ მტერს ფეხქვეშ სათელად? ისე მოკვდება და ისე დაეცემა სულითხორცამდე, რომ თავის თავი ჩამოიღრჩოს სულმდაბლად, პირუტყვულად, ლაჩრულად? არა! ის ამას არ იზამს! ამ ხალხს უფრო დიდი კულტურა აქვს, ვიდრე მის მტერს. ის ადვილად არ მოისპობა. ვერავითარი ძალა მას ვერ მოსპობს. ვერავითარი ტყუილები მას ვერ შეაცდენს, ვერავიტარი ძალა მას ვერ შეაშინებს. ამ ხალხმა წარმოჰშვა დავითი, თამარი, შოთა, ირაკლი, ვაჟა, ილია, აკაკი და სხვა ათი-ათასი გმირი. ეს ხალხი საფლავშიც გაცოცხლდებიან, თუ ერმა უღალატა მათ და ისევ აღადგენენ მას, განაახლებენ, განასპეტაკებენ და განამტკიცებენ.
19 ივნისი -... საჩქაროდ ათავისუფლებენ ციხეებსა და ჩეკას სისხლის სამართლის დამნაშავეებისაგან და ამავე დროს ხელ ახლა სტენავენ მათ პოლიტიკური ტუსაღებით. ტევა აღარ არის. საჭირო გახდება მალე ახალ-ახალი შენობები ტყვეებისთვის და, თუ ხასიათზე ვერ იქნება კარგა ბატონი, აღარც საჭირო გახდება სხვა შენობების გათავისუფლება: ღამღამობით გაიყვანს ხალხსა და დახვრეტს, რამდენიც უნდა.
ნეტაი ვიცოდე, რას დავწერ ორი თვის შემდეგ ამ რვეულში?
30 ოქტომბერი 1927 წ - ... ჩეკაში რუსები ქართველების გვარებით. ვიღაც ძამიაშვილი - გვარი ქართული, თვითონ რუსი ვორონეჟის გუბერნიიდან. აი თურმე საქართველოში როგორ აწყობენ ქართველები თავიანთ ბედს, აი, თურმე საქართველოს შინაურ საქმეებში როგორ არ ერევიან რუსები, აი, თურმე რასა ჰქვიან დამოუკიდებელი საქართველო.
ნეტაი იმ ქართველებმა, რომელთაც ყბა გაუღიათ სცენიდან თუ ტრიბუნიდან და არწმუნებენ ქართველ ხალხს თავის ბედნიერებაში, იციან, რომ ქართველის გვარებით რუსი ჟანდარმები სამუდამოდ სპობენ ეროვნებას, სპობენ იმ პატარა ერებს, რომელთა მოსპობაც ვერ შეძლო მეფის წყობილებამ?!
... აღმშენებლობა დაიწყოო- უხარიანთ, ვაშენებთო, გაიძახიან. რას აშენებენ, "მე და ძერას წიწილა მიგვაქვსო". რუსეთი აშენებს საქართველოში თავისთვის შენობებს, სადგურებს - ხოლო ქართველებს სპობს. მას უნდა გამშვენიერებული და აშენებული საქართველო უქართველებოთ...
აუარებელი ხალხი დაითხოვეს სამსახურებიდან.
თითქმის ყველგან გაანახევრეს
ფული არა გვაქვსო.
მაგრამ რამდენი იხარჯება ოქტომბრის ათი წლის თავის დღესასწაულის მოსაწყობად?!
რამდენიმე მილიარდი! ეს ფული წართმეული ფულია. იგი ჰხმარდება მასკარადებს, მასხრობას, ტინგიცობას და რაც უმთავრესია, ბოზობას.
.... ნეტაი, შეიძლებოდეს ყველა წვრილმანების წერა დღიურში. ნეტაი, ამ "რევოლიუციის" ამბები შემდეგ თაობას გადაეცეს ისე, როგორც ნამდვილად არის.
ვინ იცის, რა სიცრუეზე და სიყალბეზე შეადგინონ მომავალში ამ უბედურების ისტორია?! განგებავ და ძალთა- ძალო, მაცოცხლე დიდხანს!
... ნეტა, რამდენ ქართველს დაჰკლავენ საოქტომბრო დღესასწაულისთვის რუსები!
მანიფესტი შეუმუშავებიათ: ციხიდან უშვებენ ქურდებს, კაცის მკვლელებს და ათასნაირ სისხლის დამნაშავეებს, ხოლო პოლიტიკურებს შიგ დალპობა. ან რისთვის უნდა ისხდნენ ციხეში ქურდები, მძარცველები და კაცის მკვლელები ისინი ხომ ბოლშევიკების ღვიძლი ძმები და თანამოაზრეები არიან!!
6 ნოემბერი 1927 - ... გაზეთებში ამნისტიაა გამოცხადებული - ანთავისუფლებენ ქურდებს, სამი-ოთხი წლის ბავშვების გამხრწნელთ, ქალწულთა გამაუპატიურებელთ, კაცის მკვლელებს, მეტრაკეებს (პედერასტებს) და ათას სხვაგვარ სისხლის დამნაშავეთ, ხოლო პოლიტიკურებს - უფრო ღრმად ჰფლავენ ჩეკის ჯურღმულებში.
ეგრეც უნდა იყოს:
პოლიტიკურების გარდა - ყველა მათი თანამოსაქმე და თანამოძმენი არიან.
აი, მე ეხლა ვზივარ და ვწერ ამ უბედურ ამბავს.
მშვენიერი, მოწმენდილ-მოკრიალებული ღამეა გარეთ. წარმოიდგინეთ, მთვარეც კი ანათებს და მიკვირს: რამ მოიყვანა ეს პოეტური ღამე ჩემთან ამ პოლიტიკურად წყვდიად ღამეში?!
7 ნოემბერი 1927- .. დღეს ვნახე, უნივერსიტეტის მუშაკთ მიუძღოდა თედო ღლონტი თავისი უაზრო დაღრეჭილი სახით, უნამუსო ღიმილით, გასუქებული, ბეწდაწმენდილი და ქალებში დღედაღამ გდებით გამოკრეტინებული თვალებით, რომლებზედაც აუფარებია გერმანული შავბორბლიანი სათვალეები.
გვერდში მიჰყვებოდა მას შალვა ნუცუბიძეც, ეს მიტინგების პროფესორი, და კორნელი კეკელიძე. აი, ისტორია! ეს ხალხი ისტორიული ხალხია. მომავალი ქვეყანა მათ სიტყვებს, მათ ნაწერებს, მათ შრომებს წაიკითხავს და.... რა იქნება ნეტა! რა მოჰყვება ჩვენი ამბების, ჩვენი სინამდვილის მათგან დამახინჯებულად გადაცემულით შესწავლას?
ამბობენ, საფრანგეთის რევულუცია არც ერთ ისტორიკოსსა თუ მეცნიერს აქამდე სწორად ვერ შეუსწავლია და ამის გამო, რასაკვირველია, არც სწორად არის გადმოცემულია.
შეიძლება, ამის ბრალიც არის ამდენი უბედურება.
- შემდეგი ნაწილებიდან უფრო ცოტას ამოვიღებ, რადგან მუდმივ რეჟიმში აქვს აღწერილი დახვრეტები, დასმენები, სრული სიღარიბე, ტყუილები, ბრძოლა ერთმანეთთან, უნდობლობა, უმუშევრობა, ხალხის ყაჩაღად ტყეში გავარდნა, არასწრულწლოვნების იძულებითი მუშაობა, პატარა ბავშვების საბავშვო სახლებში, ბანაკებში გადასახლებები.. საშინელებაა.. ასეთი პირდაპირი რეალიზმით ასახული საშინელება... კარგია რომ შემორჩა ისტორია... ცხადია წარმოსახვაც კი საშინენელებაა.. თუმცა თვითონ ამბობს რომ ბოლომდე ვერც კი აღწერს ამბების სიმძაფრეს..
13 ივლისი 1930 წელი - ... რა საშინელი სიჩქარით მივექანებით უფსკრულისკენ. რომ შევადარო ეხლა ჩემს მიერ 1921 წელს, გასაბჭოების პირველ წელს ნათქვამი სიტყვა "საშინელი" დღეის ნათქვამს, მივიღებთ ისეთ განსხვავებას, როგორიც არის ფუთიანის ხუთი ათასი მეტრი სიმაღლიდან მოწყვეტასა და დაცემას შორის...
30 აგვისტო 1931 წელი - ყველა წვრილმანების აწერა და საშინელებების გადმოცემა ასეთ გარემოებებში ძნელია. ამიტომ ჰაიჰარად ვწერ. ბევრი რამ მავიწყდება. ნამდვილი სურათის სრული დახატვაც შეუძლებელია, ვინაიდან არის მხოლოდ ჯოჯოხეთური აღრევა ყველაფრისა ერთმანეთში. არავინ არ იცის, რას აკეთებს, ვისთვის და რისთვის აკეთებს. პირწმინდა საგიჟეთსა ჰგავს - ერთის მოქმედება სრულიად შეუთანხმებელია მეორესთან.
1 აგვისტო 1939 წელი - ... ამ ხვრეტისა და გაუთავებელი პროცესების ქარტეხილში ჰხდებოდა არჩევნები უმაღლეს საბჭოში. ეს არჩევნები მოკლედ ასეთი იყო: საარჩევნო მოწყობილობა მშვენიერი - საიდუმლო ოთახები, კონვერტები, თითქოს "ფარული". ნამდვილად შენს გვერდზე ხალხს ჰხვრეტენ და ამავე დროს თვითონ გაწვდის დაბეჭდილ ბლანკს, სადაც მისი არჩეული (ესე იგი დამხვრეტი მხარისა) პიროვნებაა. იმას ვერაფერს ვერც მიუმატებ და წაშლაც არ შეიძლება, ვინაიდან ნუმერაცია ისეა მოწყობილი, რომ წამშლელის გვარს (ხმის მიმცემისას) ხელად აღმოაჩენენ.
ამ ტყუილ არჩევნებში უეჭველია მილიარდები დაიხარჯა.
ჩემმა ძმამ ჯერ ხმა მისცა, მერე დაიჭირეს.
ჩემმა სიძემ ჯერ ხმა მისცა, მერე დახვრიტეს.
ღამე იჭერდნენ. დაჭერილს კუბოსავით დახურულ ავტომობილებში ჰყრიდნენ და ისე მიჰყვანდათ. წაყვანის დღიდან იკარგებოდა ადამიანი. თუ ბავშვები ჰყვანდათ აკვანში, მიჰყავდათ საბავშვო სახლებში, ჰგზავნიდნენ შორს, სადაც რა თქმა უნდა, 99% იხოცებოდა. დაჭერის ამბავი ძალიან მალე ვრცელდებოდა. ღამე რომ ვისმე დაიჭერდნენ, მეორე დღეს მთელმა ქვეყანამ იცოდა. ...
აკვნიდან წაყვანილი ბავშვების მშობლების გულში რა იქნებოდა ტყვეობის დროს? ამისი გადმოცემა დიდი გენიოსი მწერლის საქმეა. ამ პერიოდში ადამიანები ერთმანეთს აღარა სცნობდნენ, ნათესავი ნათესავთან აღარ მიდიოდა, ძმა ძმას აღარ ეკარებოდა - ერთმანეთისა ეშინოდათ. თუ შენს მახლობელს ან ძმას, ან დას, ან ცოლს , ან შვილს, ან ნათესავს დაიჭერდნენ, სადაც მსახურობდი, იქაური პარტორგისათვის უნდა გეცნობებინათ.
მემრე შიშისაგან გათახსირდა ხალხი, გაიხრწნა.
ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. უგონებდნენ ერთმანეთს ტყუილებს, კარიერას იკეთებდნენ. მემრე თვითონაც ვარდებოდნენ ეს კარიერისტები. პირდაპირ დანტეს მრავალსაფეხურიანი ჯოჯოხეთი შეიქმნა. საკმარისი იყო, დაჭერილთაგანს ვინმეს სახელი ეთქვა დაკითხვის დროს, რომ ისიც დაეჭირათ. ..
24 სექტემბერი 1939 წელი...
შიშის ტაში.
მახსოვს, გასულ მაისში რუსთაველის თეატრში მოწვეული იყო ქართველი სოციალისტური ინტელიგენციის კრება (კონფერენცია), რომელზეც მეც ვიყავი მიწვეული. ქართველი ინტელიგენციის აქტივობისა, მოვალეობისა და საქმეების შესახებ ილია თავაძემ (ცეკას მდივანმა) გააკეთა მოხსენება. ეს ის დრო იყო, როდესაც გაცხარებული ხვრეტა იყო მავნებლებისა და როდესაც თავაძემ სტალინის სახელი ახსენა, იგრიალა მთელმა ხალხმა, წამოდგა ფეხზე და ისეთი ტაში დაჰკრა, თითქო ცა და ქვეყანა იქცევაო. ტაში ნახევარ საათს გაგრძელდა. თან ვუკრავდით ტაშს და თან ერთმანეთს ვუყურებდით, ველოდით, ვინ შესწყვეტდა, რომ ჩვენც შეგვეწყვიტა, მაგრამ ტაშის შეწყვეტის პირველობას ვერავინ კისრულობდა, რადგან ფიქრობდა, ვინ იცის გვერდით ვინ მიდგა და მტრობად არ ჩამომართოს ტაშის შეწყვეტაო. ამიტომ ხელახლა იგრიალებდა ხოლმე ტაში და, როგორც იყო, ხელებდალეწილებდა და დაბეჟილებმა ნახევარი საათის შემდეგ შევწყვიტეთ ტაში. ასევე იყო ლავრენტი ბერიას ხსენებაზე. ეს იყო მხოლოდდამხოლოდ შიშის ტაში.
ამავე დროს გარეთ, ქუჩებში ცრემლიანი თვალებით დადიოდნენ დედადაკარგული ბავშვები, მამადახვრეტილი შვილები.
30 ნოემბერი 1939 წელი - არჩევნების გამო მთელი ერთი ამბავია. უბნებში, ყოველი ფეხის გადადგმაზე საარჩევნო უბანია, შიგ ხალხი დღედაღამ მუშაობს, რომ ხმა არავის დაეკარგოს. მაგრამ ვინც დასახელებულია ზემდგომი ორგანოების მიერ, იმის მეტს ვერავის აირჩევს. ერთი სიტყვით, ასე გამოდის: მე გაძლევ კანდიდატს ჩემსას, თან რევოლვერი მაქვს მოშვერილი საფეთქელში, ამირჩიე მეთქი. ერთი კანდიდატის მეტი არ არის და სხვა როგორ უნდა იქნეს არჩეული? ...
5 დეკემბერი 1939 წელი - დღეს სტალინური კონსტიტუციის 2 წლის თავი ვიდღესასწაულეთ. რა თქმა უნდა, მუქარით გაგვრეკეს ქუჩებში დემონსტრაციაზე. სიცივეში ვიდექით და გაპარვაც არ შეგვეძლო, რადგან ირგვლივ მილიციასა დ ჯარს (როგორც ყოველი დემონსტრაციის დროს) შეკრული ჰქონდა გზები - ბუზიც ვერ გაიპარებოდა.
24 დეკემბერი 1939 წელი - დღეს არჩვენები იყო. დეპუტატებად დასახელება ჰხდებოდა ცეკას განკარგულებით. იქიდან ნათქვამ კაცს ვერც ერთი დაწესებულება, ქარხანა თუ წარმოება უარს ვეღარ ეტყოდა. ქარხანა და დაწესებულება კი არა - არავის შეეძლო უარის თქმაზე ფიქრიც კი.
საცხოვრებელ სახლებში ყოველდღე მოდიოდნენ და გვაფრთხილებდნენ ორი თვის განმავლობაში, ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთო. თითქმის არავინ იცის ვის ან რად ირჩევს. დეპუტატებად დასახელებული არიან თითქმის 99 1/2% უენო საქონელი, მბღავანი საქონელი, რომელთაც არაფერი არა იციან-რა, გარნა ყვირილისა "გაუმარჯოს!..." და სხვა. ..
დღეს დილიდანვე ქუჩებში მილიციელები დადიან, რაც არაჩვეულებრივი მოვლენაა. რა დავალება აქვთ ამ მილიციელებს არ ვიცი.
დილის 8 საათზე მივედი ხმის მისაცემად. სახლიდან გაველ თუ არა, სათანადოდ დაგზავნილმა კაცებმა მიმითითეს - თქვენი საარჩევნო უბანი აქეთ არისო. გზადაგზა სულ მასწავლიდნენ ახალ-ახალი სათანადო პირები. უბანში რომ მიველ, თითქმის ხელით მიმიყვანეს საარჩევნო მაგიდასთან, მომთხოვეს პასპორტი, აღნიშნეს ჩემი გვარი სიაში, მემრე მომცეს საარჩევნო ბარათი, სადაც ვიღაცის გვარი ეწერა: ერთზე კაცი, მეორეზე ქალი და მითხრეს დაკეცე და ასე ჩააგდეო. ამ ბარათების ნომერი ჩაიწერეს. შემდეგ წავედი ყუთისაკენ, სანამ ყუთამდე მივიდოდი, მთხოვეს, მშვენივრად მორთულ, ფარდა ამოფარებულ კიოსკთა მწკრივში, რომელშიაც მოვისურვებდი შევსულიყავ (რათ, არ ვიცი), იქ საწერ-კალამი იდგა, მაგრამ ვინ უნდა ამომეშალა ან ვინ უნდა ჩამეწერა, არცა რა ვისი სხვის ჩაწერის უფლება მქონდა, არც ამოშლისა. ან ვინ უნდა ამომეშალა - ერთი იყო და ისიც რომ ამომეშალა ვინღა დამეტოვებინა? ერთი სიტყვით, ვერ გავიგე რისთვის იყო საჭირო ეს მშვენივრად მოწყობილი კიოსკები თავისი იდუმალი ფარდებით, მაგიდებით, საწერ-კალმებით და აბრეშუმებით. მივეცი ხმა და წამოველ. ...
მივეცით ხმა და გვეგონა რომ ყველაფერი მოვიშორეთ და დავმშვიდდით (ორი თვეა, რაც ამისთვის გვაწვალებდნენ ათასი მიტინგებით, უბნებში სიარულით, საქმიანობით), ერთი სიტყვით, ის-ის იყო, მშვიდად უნდა ჩაგვძინებოდა, რომ უეცრად მოისმა მაგარი ბრახუნი კარისა.
გავედი შეშინებული, ცეცხლი ხომ არ გვეკიდება მეთქი, მაგრამ ვიღაცეები იდგნენ საქაღალდეებით. ლამფა მივანათე და გვარები ამოიკითხა ჩვენი, რატომ თქვენ მონაწილეობა არ მიიღეთ არჩევნებში და რატომ ხმა არ მიეცითო.
- მივეცით, ბატონო, მივეცით, დილასვე მივეცით რვა საათზე და ტყუილად გარჯილხართ. - დავამშვიდე მოსულები და დავუარეთ თითქმის ყველა მდგმურებს. ყველა შეამოწმეს და შემდეგ წავიდნენ.
ნეტა, რათ უნდათ ეს რუსის ბეგარაზე დაძახებული ხმები?
25 თებერვალი 1940 წელი - დღეს 19 წელი შესრულდა, რაც საქართველო რუსეთმა მეორედ ჩაყლაპა. 19 წელია, რაც საქართველო გამოუთქმელის ტანჯვებითა და წამებით იწვის. არც ერთ დამპყრობს ასე არ გაუნადგურებია იგი ზნეობრივად, ქონებრივად და კულტურულად. ქართველი ერის სასიქადულო შვილები ზოგი უკვე დახვრეტილია, ზოგი დაღუპული ტანჯვა-წამებაში და ზოგიც გადაყრილი ყინულოვანი ოკეანის ნაპირებისაკენ...
საერთო ჯამში ძალიან იმოქმედა და მიხარია, რომ ჩემამდე მოვიდა ეს წიგნი.
ასევე მიხარია, რომ ისე მოვიდა როგორც დაწერა.


No comments:
Post a Comment